"წარმოიდგინეთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე, ეს არის ხალხი, რომლებმაც ბოლშევიკურ სტილში პატაკი გაუგზავნეს საზღვარგარეთ კონკრეტული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ფეხქვეშ გაეგნენ და უპატაკეს საბჭოთა ბოლშევიკური სტილით,"- ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას, პარლამენტის მანდატების გაუქმების შესახებ.
ანრი ოხანაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მათ (ოპოზიციას) ამ ქვეყანაში პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ:
"წარმოიდგინეთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე, ეს არის ხალხი, რომლებმაც ბოლშევიკურ სტილში პატაკი გაუგზავნეს საზღვარგარეთ კონკრეტული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ფეხქვეშ გაეგნენ და უპატაკეს საბჭოთა ბოლშევიკური სტილით. ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს და ხალხის მანდატით პარლამენტის წევრების მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სალანძღავი სიტყვებით მოიხსენიებენ. ისინი ჩვენ, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას ვერ მოგვაყენებენ, თუმცა, მათი ზნე ყველასთვის ცნობილია. ეს არის მათი ფსიქოლოგია, "ფილოსოფია", რომ ისინი ფეხქვეშ ედებიან და ბოლშევიკური სტილით ჯაშუშურად, უკვე ღიად აგზავნიან პატაკებს, ხოლო ქართველ ხალხს და მათი ნდობით აღჭურვილ საქართველოს პარლამენტს ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ. ამიტომ არის, რომ მათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ. მათ, მთელი საარჩევნო კამპანია აწარმოეს არა ქართველი ხალხის წინაშე, არამედ უცხოელი, კონკრეტული თანამდებობის პირების წინაშე. ამიტომ არის, რომ ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და იმასაც უზრუნველვყოფთ, რომ არ დავყოფთ ხალხს. ჩვენ ვართ ხელისუფლება, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლის, ასევე, ჩვენი ამომრჩევლის,"- აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი.
"ძლიერმა საქართველომ" პარლამენტს, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ოფიციალურად მიმართა. პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალური განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეიტანეს.