28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
კახეთი სტიქიის ზონად იქცა - დასეტყვილია ოთხი მუნიციპალიტეტი, განადგურებულია სავარგულები და ვენახები

კახეთში სტიქიაა - დასეტყვილია გურჯაანიის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ერთწლიანი ნარგავები და ვენახები.

კაჭრეთი, ქოდალო, არაშენდა, ხაშმი, პატარძეული, ბაისუბანი - ეს მხოლოდ რამდენიმე სოფელია იმ ვრცელი ჩამონათვალიდან, რომელიც დღეს სტიქიის ზონაა.

მარტო ლაგოდეხში მოსავლის 60% განადგურებულია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა მას, ვინც აგროდაზღვევით არ ისარგებლა, ზარალის ანაზღაურების პერსპექტივა არ აქვს. სეტყვას წინ უძღოდა არაერთი გასროლა, თუმცა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაგვიანებით ამუშავდა. კახეთი სტიქიის ზონაა - დასეტყვილია 4 მუნიციპალიტეტი, განადგურებულია სავარგულები და ვენახები.

მარწყვის მოსავალს ბესიკ მჭედლიძე ვეღარ აიღებს. თითქმის დამწიფებული კენკრა გუშინ ღამით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მთლიანად გაანადგურა. დაზიანებულია სათბურები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეულის სავარგულები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზარალი ძალიან დიდია და პრობლემას ბანკიდან გამოტანილი სესხი ამძიმებს.​

დღეს დახმარების მოთხოვნით კაბალისა და ბაისუბნის მოსახლეობამ აქციაც გამართა. ისინი მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ. ადგილზე ლაგოდეხის მერი და მხარის გუბერნატორი მივიდნენ.

ადგილობრივებმა გუბერნატორისგან მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის პირობა მიიღეს. რაც შეეხება სავარგულებსა და მოსავალს, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ასეთი ზარალი ბიუჯეტიდან ვერ ანაზღაურდება, რადგან სავარგულები დაზღვეული უნდა ყოფილიყო და რისკების შესახებ გლეხებმა იცოდნენ.

ზუსტად რა ზარალი მიადგა ლაგოდეხს სტიქიის შედეგად, უცნობია. მძიმე ღამის შემდეგ ადგილობრივები დანაკარგებს ჯერ კიდევ ითვლიან.

დღის ამბები