28 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების მოლოდინში - რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი

ქართველი პოლიტიკოსები საარჩევნო რეფორმაზე საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების მოლოდინში არიან. სანამ ეუთო/ოდირი მათ დოკუმენტს შეაფასებს, თავად საუბრობენ მის მნიშვნელობაზე. ამბობენ, რომ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

პარტია "მოქალაქეებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, საარჩევნო რეფორმის პროექტი ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ერთი მხრივ, მხარეები ოდირის დასკვნის მოლოდინში არიან, მეორე მხრივ კი პარლამენტში ოპოზიციას ელოდებიან. კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიცვალოს ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიების დაკომპლექტების წესი, თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების თანაფარდობა, არჩევნები კი ელექტრონული პრინციპით ჩატარდეს. პარლამენტში ფრაქციის შექმნას 7-ის ნაცვლად 4 დეპუტატიც შეძლებს, პროექტში საარჩევნო ბარიერად კი 3-დან 0%-მდეა განსაზღვრული.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა გამოქვეყნდება, კანონმდებლები მასზე პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში დაიწყებენ მუშაობას. განხილვაში ჩართვას გეგმავენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერებიც. მათი შეფასებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დოკუმენტის იმპლემენტაცია იმისთვის, რომ ქვეყანამ განსხვავებული საარჩევნო რეფორმა მიიღოს და ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით იყოს შესაძლებელი.

საერთაშორისო მედიაციით შედგენილ დოკუმენტში ამბიციური საარჩევნო რეფორმა მეორე პუნქტად არის გაწერილი. შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო ბარიერი 2 პროცენტამდე განისაზღვრება, ყველა მომდევნო არჩევნები კი სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა პარლამენტის დეპუტატთა 2/3-ის თანხმობით, საარჩევნო კომისიები კი 8 პროფესიული და 9 პოლიტიკური პარტიის წევრით დაკომპლექტდება. მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ ეუთო/ოდირის შენიშვნებს გაითვალისწინებს და რეფორმაზე მუშაობას ახლა უკვე ოპოზიციასთან ერთად გაფართოებულ ფორმატში დაიწყებს.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელმაც "მოქალაქეები" პარლამენტში შეიყვანა, მესამე სექტორის ჩართულობით სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. მას შემდეგ, რაც კანონმდებლები ეუთო/ოდირის დასკვნას გაეცნობიან, პარლამენტი მასზე მსჯელობას დაიწყებს. 

 

დღის ამბები