28 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
შეძლებს თუ არა ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე შეჯერებას - განხეთქილების ნიშნები არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას არ აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ როგორ იმოქმედებს ადგილობრივ არჩევნებში. თუმცა, "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთ-ერთი პირველია, ვინც ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გამარჯვებისთვის პარტიები ნიკა მელიას გარშემო არ უნდა გაერთიანდნენ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი "ნაციონალურმა მოძრაობამ" უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. მელიას თანაგუნდელები თავმჯდომარის ციხიდან გამოსვლამდე ადგილობრივ არჩევნებზე მსჯელობას ნაადრევად მიიჩნევენ, ზოგადად კი ამბობენ, რომ ნიკა მელია არათუ "ოცნების" მთავარი კონკურენტი, არამედ ოპოზიციურ პარტიებშიც უალტერნატივო კანდიდატია. 

ნიკა მელიას კანდიდატურის გარშემო შესაძლო გაერთიანებას ეწინააღმდეგება თავად "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძეც. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ "ლელოში".

"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, შესაძლოა, დედაქალაქის მერობისთვის ძალები 2021 წელსაც მოსინჯოს. 

პოლიტიკური პარტიების გეგმები ახლა მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის წარადგენს მერობის კანდიდატად მმართველი პარტია. "ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ ამ პოზიციაზე ისევ მოქმედი მერი კახი კალაძე განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

პარალელურად, ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერმინისტრი. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის, შესაძლოა, მერობის კანდიდატად წარადგინონ, თუმცა, გეგმებზე სუბრისგან მთავრობის ყოფილი მეთაური ისევ თავს იკავებს.

დღის ამბები