28 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები არჩილ თალაკვაძის კახა კუჭავათი შეცვლას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ

მომდევნო კვირიდან პარლამენტი ახალ რეალობაში განაგრძობს მუშაობას - ოპოზიციასთან ერთად, რომელიც 6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობას იწყებს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება, რომელიც ოპოზიციასთან თანამშრომლობის ახალ ფურცელს აანონსებს. კახა კუჭავას "ოცნება" პირველივე სხდომაზე დაამტკიცებს.

მმართველ გუნდში პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილებას ახალი პოლიტიკური რეალობით ხსნიან. დაძაბულობისაგან დისტანცირებული პერსონა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციასთან თანამშრომლობას განახლებული მიდგომით დაიწყებს - ასეთია "ოცნებაში" კახა კუჭავას პოლიტიკური დახასიათება, რომელიც არჩილ თალაკვაძეს ჩაანაცვლებს. კუჭავამ კანდიდატურის წარდგენის დროს ოპონენტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობა უკვე დადო.

პარლამენტის როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი სპიკერი დავით უსუფაშვილი. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ექვსთვიანი კრიზისის შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობის სრულფასოვანი ამუშავება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

არჩილ თალაკვაძის კახა კუჭავათი შეცვლას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ჟესტით "ოცნებამ" კონსტრუქციულ დღის წესრიგზე გადასვლის სურვილი დაადასტურა. მათი თქმით, სპიკერის პირველი გამოწვევა მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მუხლების შესრულება იქნება.

ახალი სპიკერის მთავარ მისიად მიშელის კომპრომისული შეთანხმების მუხლების საკანონმდებლო იმპლემენტაციას ასახელებს "ქართული ოცნებაც". პარტიაში ამბობენ, რომ კუჭავა დოკუმენტის პუნქტებზე მუშაობას მომდევნო კვირიდან ოპოზიციასთან ერთად აქტიურად დაიწყებს.

კახა კუჭავა არჩილ თალაკვაძეს მომდევნო სასესიო კვირას ოფიციალურად შეცვლის. კუჭავა დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში პარლამენტის მეთორმეტე სპიკერი იქნება.

დღის ამბები