სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა, მაგრამ ქვეყნის სადავეები კვლავ მის ხელშია. პოსტებს ტოვებენ მინისტრებიც. პროცედურულად, ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ კანდიდატურას მთავრობის მეთაურის პოსტზე ორჯერ წარადგენს, რასაც პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. საბოლოოდ, დაითხოვენ საკანონმდებლო ორგანოს და ჩატარდება ვადამდელი არჩევნები.
"მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი პარტია "სამოქალაქო შეთანხმება" ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. თუკი საზოგადოება ჩათვლის, რომ მე უნდა გადავდგე, ბუნებრივია, ხალხის ნებას წინ ვერ აღვუდგები. თუმცა, თუ ჩვენი მოქალაქეები ჩემს დარჩენას ისურვებენ, ამ შემთხვევაშიც მათი გადაწყვეტილება უზენაესია," - ამბობს ქვეყნის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დააკმაყოფილა ქვეყნის პრეზიდენტმა. ოპოზიცია კი უკმაყოფილოა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერი არაფორმალურად ქვეყნის სათავეში რჩება, რაც ობიექტურ არჩევნებს გამორიცხავს. ამის მიუხედავად ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ნიკოლ ფაშინიანს აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომ ქვეყნის პრემიერის თანამდებობა კიდევ ერთხელ დაიკავოს. ამაზე "კურიერთან" სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ. ალექსანდრ ისკანდარიანის აზრით, ფაშინიანის ეს გზა გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებთან თანამშრომლობაზე გადის.
გადადგომის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ჯერ კიდევ თვენახევრის წინ განაცხადა. ამით მან ერთგვარად განმუხტა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სომხეთში ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ წარმოიშვა.