28 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
"ყველაფერი საქმით გამოჩნდება" - დაიწყება თუ არა საქმიანი თანამრომლობის ახალი ფურცელი კახა კუჭავას თანამდებობრივი ცვლილების შემდეგ

კახა კუჭავას პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე წარდგენას ოპოზიციურ სპექტრში ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყოლია. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კუჭავასთვის მთავარი გამოწვევა სწორედ კომპრომისულ დოკუმენტში ჩადებული პუნქტების საკანონმდებლო დონეზე იმპლემენტაცია და პოლარიზების დასრულება იქნება.

"ეს კარგი გზავნილია, მე გუშინაც ვთქვი, რომ წინასწარ არ გავაკეთებ განცხადებებს, ყველაფერი საქმით გამოჩნდება, ანუ რას გავაკეთებთ პარლამენტში, რამდენად სწრაფად მოხდება აბსოლუტურად ყველაფრის რეალიზება და იმპლემენტაცია," – განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მარტივად გამოჩნდება, თუ რისთვის გამოიყენებს თავის მდგომარეობას და ტრიბუნას კახა კუჭავა.

"მარტივად გამოჩნდება ხოლმე ის თავის მდგომარეობას და ტრიბუნას გამოიყენებს ერთი პარტიის მიზნების მისაღწევად, თუ პარლამენტის გასაძლიერებლად, სადაც აუცილებელია, რომ ყველა წევრს და ყველა ჯგუფს ჰქონდეს თანაბარი უფლებები, სათანადოდ იყვნენ მოსმენილი, თავიდან აიცილოს ის უაზრო დაპირისპირებები და ცემა-ტყეპები და ა.შ." – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის წევრის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, კახა კუჭავას ჩართულობა პარლამენტის სპიკერის პოზიციიდან ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ცვლილებებისთვის ემზადება.

"ბატონი კუჭავას ჩართულობა ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან, ჩემი დაკვირვებით, მაინც, ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ემზადება ცვლილებებისთვის თავად, რაც შედეგად მოგვიტანს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო შეიცვლება და, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ," – ამბობს არმაზ ახვლედიანი.

დღის ამბები