დონბასში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბოლო 24 საათში 20-ჯერ დაარღვიეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გასულ ღამეს ცეცხლი სხვადასხვა სისტემების ყუმბარმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან გახსნეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად არავინ დაღუპულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა ანექსირებული ყირიმიდან და უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანა უკვე დაიწყო.
უკან დახევა, თუ რუსეთის მორიგი სიცრუე და ტაქტიკური სვლა - ახლა უკრაინაში ეს ინტერესის მთავარი თემაა. ფრონტის ხაზიდან ჯარისკაცები კურიერს უყვებიან, რომ რუსეთის გადაწყვეტილების მიუხედავად ვითარება ისევ დაძაბულია და თავდასხმა დღეს დილითაც მოხდა.
გოჩა მუშკუდიანი სამი წელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვის. დონბასის ბატალიონის სამთო-მოიერიშე ბრიგადის მებრძოლი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციები ყოველდღიურად ხდება, ძირითადად დილის და საღამოს საათებში.
ქართლი ლეგიონის მეთაური "კურიერთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ რუსი სამხედროებისა და ტექნიკის ნაწილის გაყვანა, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი ტაქტიკური ნაბიჯი იყოს.