28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ახალი ნიშნულები, ​ტრაფარეტი და მახეები საოკუპაციო ხაზთან - ტახტისძირისა და დირბის მოსახლეობას რუსი ოკუპანტები შიშის ქვეშ აცხოვრებენ 

ქართულ სოფლებში ბორდერიზაციის ახალი ტალღა კვლავაც მიმდინარეობს. 

ტახტისძირი და დირბი - ეს ის სოფლებია, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში ადგილზე შეიარაღებული პირების თანხლებით, ხნულები გაავლეს, ადგილები მონიშნეს, მახეები და ახალი ტრაფარეტები დადგეს.

შიშის ქვეშ რამდენიმე ათეული ოჯახია. სოფლების მოსახლეობა ამბობს, რომ ოკუპანტები ძირითადად ღამის საათებში მუშაობენ. მოჰყავთ მძიმე ტექნიკა, რომელიც ადგილობრივებს დილით ახალ ბოძებს და ე.წ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს ახვედრებს. ადგილობრივების მოტაცება, რომ უფრო გაადვილდეს ოკუპანტები ე.წ მახეებსაც ტოვებენ. ეს ის ადგილებია, რომელიც განგებ არ არის მონიშნული და სადაც ხშირად მწყემსები გადაადგილდებიან.

2008 წლის შემდეგ, მხოლოდ დირბის და ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპანტებმა 100 ჰექტარზე მეტი შემოღობეს. მავთულხლართების მოახლოების მიუხედავად ადგილობრივები სახლების დატოვებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ ეს მათი ფრონტის ხაზია, რომელსაც არასდროს მიატოვებენ.

დღის ამბები