28 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
"ეს დოკუმენტი გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა" - სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. სალომე სამადაშვილმა ხელმოწერამდე განაცხადა, რომ ხელს აწერს დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული მომავლისა. 

"მინდა განვაცხადო, რომ მე დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს, როგორც ინდივიდუალური წევრი საქართველოს პარლამენტის და მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ მიშელს.

ამ დოკუმენტის ხელმოწერა დღეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული მომავლისა.

საქართველო დღეს ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დოკუმენტი ასევე  გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და გიორგი რურუა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში აღარასოდეს დაგვჭირდება ესეთი შეწუხება ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს მეგობრების, იმისთვის რომ ვიცხოვროთ ისე როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ისე როგორც ეკადრება ევროპულ ქვეყანას. მე ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ საპატიმროდან შესაძლებელი გახდება, რომ ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  

დღის ამბები