28 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
აღზრდის და დასჯის უმკაცრესი სტილი - საპატრიარქოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი გარესამყაროსგან იზოლირებულია

ნინოწმინდაში მდებარე საპატრიარქოს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში, ომბუდსმენის ინფორმაციით, ბენეფიციარებს არაადამიანურად ეპყრობიან. 

ადგილზე "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. ეზოში არიან ბავშვები, მაგრამ თამაშის ხმა არ ისმის. არც კარზე კაკუნზე რეაგირებს ვინმე. თუ რა ხდება ჭიშკარს მირმა, ადგილობრივების დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, ნაწილი არც მალავს, რომ ბავშვებს მკაცრად ეპყრობიან, ნაწილისთვის კი ცუდი ქცევის გამო ბავშვის დასჯა სრულიად მისაღებია.

ამ სკოლაში პანსიონის პატარა ბენეფიციარები საშუალო განათლებას იღებენ. დირექტორისთვის უკვე ცნობილია სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც წერია, რომ თავშესაფარში მდგომარეობა საგანგაშოა. დოკუმენტში აღწერილია, როგორ სჯიან ბავშვებს აღმზრდელები, ძალადობენ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, უზღუდავენ კვებას, დასჯის ერთ-ერთი ფორმა პანსიონის დერეფანში მუხლებზე დგომაცაა. საჯარო სკოლის დირექტორი ანგარიშში გამოქვეყნებული ფაქტების უარყოფას ცდილობს, ამბობს, რომ მათთან მუდმივად მუშაობს სოციალური მუშაკი, სახალხო დამცველის წარმომადგენელს კი არასდროს მიუმართავს.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ბოლოს პანსიონში შესვლა გასულ კვირას სცადა, თუმცა მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით ის თავშესაფარში არ შეუშვეს. აპარატის ინფორმაციით, თითქმის ერთი წელია, დაწესებულებაში მონიტორინგის საშუალება არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ეძლევა.

დღეს "კურიერის" კამერებთან არ გამოჩენილა სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რომლის ეპარქიის დაქვემდებრებაში შედის პანსიონი და სადაც სასულიერო პირის გარეშე არცერთ გადაწყვეტილებას არ იღებენ. კომენტარისგან უკვე მეორე დღეა თავს იკავებენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოშიც.

დღის ამბები