28 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე - აკაკი მინაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელზეც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი ბოლო დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე იმსჯელეს, ენმ-ის წევრებმა განცხადებები გააკეთეს. მიუხედავად პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება არ შეცვალა.

"გადაწყვეტილება არის შემდეგი - მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება თავისუფალი ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე,“ - ამბობს აკაკი მინაშვილი.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნები კვლავ უცვლელია და ეს ნიკა მელიას გათავისუფლებაა. 

"ვერანაირ შეთანხმებაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია იმყოფება ციხეში. ასე რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ შეთანხმებამდე მივიდეთ,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა დოკუმენტის შესახებ და მასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა. 

"ჯერ ნიკა მელია და დანარჩენი შემდეგ. ეს არის ის თეზისი, რაც ამ მომენტისათვის პოლიტიკურმა საბჭომ ჩამოაყალიბა. დოკუმენტზე ვიმსჯელეთ, აქვს ხარვეზები, არის კარგი ნაწილიც, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, არის,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები