28 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ევროკავშირის ახალი პროექტი შშმ პირთა დისკრიმინაციის საკითხებზე იმუშავებს

პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში” ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი მონაწილეებისთვის პროექტის მთავარი აქტივობების და ამოცანების გაცნობა იყო. პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის მხარდაჭერით.

„ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ თემურ კაკაბაძემ და პროექტის მენეჯერმა ანა ციცაგმა დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით. პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებზე.

პროექტის ფარგლებში თბილისში, აჭარასა და კახეთში დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების ჯგუფების შექმნა, რომლებიც გამოავლენენ და შეისწავლიან შეზღუდული შესაძლებლობის, გენდერული და ეთნიკური ნიშნით წარმოშობილ დისკრიმინაციის ფაქტებს, მოამზადებენ სარჩელს და საჭიროებისამებრ უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობას სასამართლოში.

ინიციატივა, აგრეთვე, ითვალიწინებს საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, მოსამართლეთათვის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე დაყრდნობით, სასწავლო მოდულის შექმნას. აღნიშნული მოდულის დანერგვა სამომავლოდ შესაძლებელი იქნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის განგრძობით სასწავლო პროგრამებში.

პროექტის ფარგლებში მოხდება აჭარაში და კახეთში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერება შესაბამისი ტრენინგებითა და მხარდაჭერის აქტივობებით.

პროექტი ითვალისწინებს ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობასაც, მოხდება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა და მათ მხარდამჭერთა კონკრეტული საჭიროებების, ყოველდღიური გამოწვევების და გამოცდილების შესწავლა, რომლის საფუძველზეც შეფასდება რეფორმის პროგრესი და შემუშავდება რეკომენდაციები.

პროექტის პრეზენტაციის დროს, სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი დომინიკა სკუბიდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძე და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე.

დღის ამბები