28 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ვერცერთ სამოქალაქო აქტივისტს ხელისუფლება ვერ დაჩაგრავს - შსს-თან გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ

გათავისუფლდეს გიორგი მუმლაძე და შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა - ამ მოწოდებებით, ამ წუთებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის და "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იკრიბებიან.

მათი თქმით, ის, რასაც გამოძიება მუმლაძეს ედავება, უსაფუძვლოა.

"ეს იქნება სოლიდარობის აქცია, მათ შორის იქნება პერფორმანსები და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ გიორგი მუმლაძის სასწრაფოდ გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" მივცემთ მწვანე შუქს, რომ აქტივისტები არა ადმინისტრაციულად, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით დააკავოს ხოლმე და ისინი გაუშვას უკვე საპატიროში წლობით და არა დღეებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"მელიების გუნდი სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ გიორგი მუმლაძეს, ზუსტად ამიტომ ვიმყოფებით ახლა შსს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მუმლაძეზე იძალადა, მას ახრჩობდა და ის იძულებული გახდა პოლიციისთვის წინააღმდეგობა გაეწია.

როდესაც საუბარია, რომ გიორგი მუმლაძემ პოლიციელს უკბინა, თქვენ შეგიძლიათ კადრებშიც ნახოთ, როგორ ძალადობენ შსს-ის წარმოადგენლები. ადამიანს ახრჩობდნენ, არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას და ადამიანმა სხვა ვერაფერი ვერ გააკეთა. 

ჩვენ გვექნება ძალიან ხისტი აქცია და გავაგონებთ შსს-ს, რომ ვერც ერთ სამოქალაქო აქტივისტს ხელისუფლება ვერ დაჩაგრავს," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

გიორგი მუმლაძის დაკავებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ორგანიზაციის წევრი გიორგი მუმლაძე "ქართული ოცნების" ოფისთან, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, (პოლიციელს უკბინა). დანაშაული კი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები