28 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული დავით კოდუა - რატომ შეცვალა ბიზნესმენის ოჯახმა ჩვენება

დავით კოდუას მეუღლე ითხოვს, რომ ბიზნესმენი მას და მის შვილებს აღარ მიეკაროს. ნათია გედევანიშვილმა მეუღლის წინააღმდეგ პოლიციას გუშინ მიმართა და უთხრა, რომ ქმარმა მასზე ფიზიკურად, შვილზე კი სიტყვიერად იძალადა.

კოდუა კრიმინალურმა პოლიციამ ოჯახზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. ბიზნესმენის ცოლმა დღეს ჩვენება შეცვალა. მისი თქმით, ოჯახში კონფლიქტი მოხდა, მაგრამ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გედევანიშვილი თვალის არეში არსებულ დაზიანებაზე ამტკიცებს, რომ ის თავად მიიყენა.

დავით კოდუას წინააღმდეგ ზარი პოლიციაში მისმა მეუღლემ თავად განახორციელა. 112-ში ოპერატორს რაზმაძის ქუჩიდან შველას სთხოვდნენ, ისმოდა ყვირილის ხმებიც. კონფლიქტის დროს, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, სახლში დავით კოდუას 2 შვილი იმყოფებოდა. დაპირისპირება მოხდა მის უფროს ქალიშვილთანაც, რომელმაც დედის დაცვა სცადა. კატო კოდუამ დღეს პოლიციას უთხრა, რომ მამა დედას ფიზიკურად არ შეხებია. 

კონფლიქტი რაზმაძის ქუჩაზე, დავით კოდუას საცხოვრებელ სახლში ვახშმობის დროს გვიან ღამით მოხდა, დამტვრეულია საყოფაცხოვრებო ნივთებიც. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის გარდა მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, მაგრამ უცნობია დასჭირდა თუ არა ოჯახის რომელიმე წევრს ექიმის დახმარება. მეზობლები ამტკიცებენ, რომ ბიზნესმენის ოჯახიდან ხმაური და დაპირისპირების ხმა არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყვეს. 

დავით კოდუა ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება, ის ბრალს არ აღირებს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ოჯახურ კონფლიქტს ადასტურებს. ის ბრალის წარდგენის შემთხვევაში, ბიზნესმენის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

დავით კოდუა კრიმინალურმა პოლიციამ 112-ში შესული ზარის საფუძველზე 126-ე მუხლის დარღვევის ბრალდებით დააკავა, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები