28 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
დაპირისპირება ეკლესიაში - ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მრევლს დღეს ბოდიში მოუხადა და მისივე სიტყვები კეთილი განზრახვით ახსნა 

ჭიათურა-საჩხერის ეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ ქართული ეკლესია მთლიანობას ინარჩუნებს და ამ პროცესს საფრთხე არ ემუქრება, რასაც წმინდა სინოდის სხვა წევრები არ იზიარებენ. ეპისკოპოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მეუფე გრიგოლი უკვე მეორე კვირაა მაღალ იერარქებს ეკლესიის საფრთხეებზე მიანიშნებს და რეაგირებისკენ მოუწოდებს. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მწვავე პრობლემებზე დისკუსიის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. მეუფე გრიგოლი ეპისკოპოსებს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ახსენებს.

საპატრიარქოში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ, რა დროსაც მეუფეებმა ჭყონდიდში შექმნილი მდგომარეობა ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხად შეაფასეს და მიტროპოლიტ სტეფანეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს, მაღალმა იერარქმა რიტორიკა შეცვალა. მიტროპოლიტმა, რომელმაც დედა სოსანა ღამით ქუჩაში დატოვა, მრევლს მოუბოდიშა და მათ დარწმუნებას შეეცადა, რომ წუხს მომხდარის გამო. თუმცა მის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი ბარბარიზმად და ჟარგონად აფასებს და ირწმუნება, რომ დედა სოსანას სულის გადარჩენას ცდილობდა.

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი კვლავ ამბიონიდან იმუქრება და ისევ ირიბად ჭყონდიდზე ქადაგებს. დასჯილებს სინანულისთვის ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ ეპისკოპოსების სანქციები მკაცრი იქნება.

დღეს დიდი შეკრება იყო ახალციხის ეპარქიაში - იუბილარ ქორეპისკოპოსს სხვადასხვა ეპარქიებიდან ესტუმრნენ, წირვის შემდეგ კი დიდი ტრაპეზი გაიმართა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები დაპირისპირებას სხვადასხვა ეპარქიებს შორის გამორიცხავენ და იმედს გამოთქვამენ, რომ წმინდა სინოდამდე დასჯილები მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან. მეუფე იაკობისგან განსხვავებით, ეპარქიების სხვა მმართველებს, პეტრე ცაავას გარემოცვის დასჯის სურვილი არ აქვთ.

დისკუსიის აუცილებლობაზე დღეს მხოლოდ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი საუბრობს - უცნობია რატომ არ ესწრებოდა მეუფე გრიგოლი საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ამ თათბირზე ეპისკოპოსების ნაწილმა დაადგინა, რომ მეუფე სტეფანემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამ თემას წმინდა სინოდზე ისევ მიუბრუნდებიან.

სხდომაზე განიხილება ჭყონდიდის ყოფილი მმართველის ქმედებებიც, მაგრამ მანამდე პეტრე ცაავას საპატრიარქოში სინოდალურ კომისიაზე მისვლა მოუწევს.

დღის ამბები