აფგან მუხთარლიმ პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა - ის საგამოძიებო უწყებაში დღეს მეორედ შებრუნდა, საერთო ჯამში კი პროკურატურაში თითქმის 12 საათი დაჰყო.
თარგმანთან დაკავშირებით დღეს, არც აფგან მუხთარლის და არც მის უფლებადამცველს პრეტენზიები არ გამოუთქვამთ.
მთავარ პროკურატურაში დაკითხვა თითქმის 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მის ადვოკატს მხოლოდ 1 საათიანი შესვენება მისცეს. თავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ მან მისი გატაცების საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, ასევე დაასახელა კონკრეტული სახელები და გვარები.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გატაცებაში იყო ჩართული გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიაწოდა თუ არა რაიმე არგუმენტი ამის დასამტკიცებლად, მან განმარტა, რომ ეს არის მხოლოდ მისი მოსაზრებები, ვინაიდან ძალოვანი სტრუქტურები ამ ადამიანების გარეშე რეაგირებას ვერ მოახდენდნენ და აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნას ვერ შეასრულებდნენ.
"მე მივეცი ჩვენება ჩემს გატაცებასა და თავდასხმასთან დაკავშირებით. ვუთხარი გამოძიებას ვინ გამიტაცა, ასევე ის, რომ ბრძანება გასცა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, ბრძანების გამცემებს შორის იყო ბიძინა ივანიშვილიც.
ჩემზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. აზერბაიჯანული მხრიდან კი, ჩემი გატაცების ოპერაციაში მონაწილეობდა საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსი და სხვა მაღალჩინოსნები. ვფიქრობ, ისინი რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში. გამოძიებას კონკრეტული მარშრუტის შესახებ მოვუყევი, რომლითაც საქართველოდან გამიყვანეს. მე და აზერბაიჯანელ დისიდენტებს მუდმივად გვითვალთვალებდნენ," - განაცხად აფგან მუხთარლიმ.
შეგახსენებთ, გამოძიება საქართველოში მუხთარლის გატაცების საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. შემდეგ ის საზღვრის უკანონო კვეთის და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აზერბაიჯანში ციხეში აღმოჩნდა, სადაც 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა საპატიმრო 2020 წლის მარტში დატოვა.