ადამიანური ტრაგედიის ისედაც მძიმე ფაქტს, დღევანდელი რეალობა კიდევ უფრო მეტად ამძიმებს - საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებამ ოჯახის წევრებს გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ერთად დატირების საშუალება არ მისცა. ძმამ საკუთარი ძმა და რძალი უკანასკნელ გზაზეც ვერ გააცილა.
გაყოფილი ოჯახის ამ ტრაგედიას ჭირისუფალი მავთულხლართების ორივე მხარეს ჰყავს. მდინარეში დაღუპულ 40-45 წლის ცოლ-ქმარს მავთულხლართებს მიღმა ახლა საკუთარი შვილები და ოჯახის სხვა წევრები დაიტირებენ.
მაყვალა გამისონიასა და ჯონი გვალიას ცხედრები ოკუპაციის ხაზთან მიასვენეს. საკუთარ სახლში კი, საოკუპაციო რეჟიმის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაასვენეს.
ოკუპაციის კიდევ ორი მსხვერპლი მშობლიურ მხარეში გუშინ გადაასვენეს. 30 წლის თამარ ცატავაც და თამაზ ბასლანიძეც ენგურის ხიდიდან გააცილეს.
ტრაგიკულად დაღუპული 4 ადამიანის ცხედარი ენგურმა სოფელ შამგონასთან და სოფლელ ორსანტიასთან ორი დღის წინ გამორიყა. ექსპერტიზა ცხედრებს ქუთაისის პროზექტურაში ჩაუტარდა. დასკვნის შედეგზეა დამოკიდებული გადაკვალიფიცირდება თუ არა ის მუხლები, რომლითაც გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებითაა აღძრული.
ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ხვალიდან 24 საათის განმავლობაში დაეშვება. განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გასცა.