28 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
მოლაპარაკების გაგრძელების 3 ვერსია - გიორგი ვაშაძემ შესაძლოა 5-პუნქტიან დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად მოაწეროს

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი შარლ მიშელის 5 პუნქტიანი დოკუმენტის ყველა წინადადების გათვალისწინებაში ხედავს.

გიორგი ვაშაძე მომავალი კვირისთვის მოვლენების განვითარების 3 ვერსიას განიხილავს. მისი თქმით, შესაძლოა დასახელდეს მესამე რაუნდის თარიღი, დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი ან დაინიშნოს პირდაპირ მოლაპარაკება.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ თუ დიალოგი განახლდა, ის შეთანხმებით დასრულდება. ვაშაძე არც იმას გამორიცხავს, რომ 5-ვე პუნქტი, თუ მისთვის მისაღები ფორმულირებით ჩაიწერება, დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად, სხვა პარტიების გარეშე მოაწეროს.

როდის განახლდება მოლაპარაკება - ინფორმაცია არ აქვთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დიალოგის პროცესის უშუალო მონაწილეები არიან. ვაშაძის მსგავსად, ისინიც შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ოპოზიციის ერთიანობა ამ მხრივ მნიშვნელოვანია.

გაფართოებული ფორმატის გარდა მმართველი პარტია ოპოზიციის ნაწილს პირისპირ მოლაპარაკების რეჟიმში გადასასვლელად ეპატიჟება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინდივიდუალურ კონსულტაციებში მონაწილოებისთვის პოლიტიკურმა ძალამ ერთი პირობა - კონსტრუქციულობა უნდა დააკმაყოფილოს. ასეთ პარტიებად კი გიორგი ვაშაძესთან ერთად "გირჩიც" მოიაზრება.

გაირკვა, რომ "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაცია უკვე გამართეს "გირჩებმა". ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, პარტიას სამოქმედო გეგმა უკვე ჩამოყალიბებული აქვს და ამის თაობაზე ინფორმაცია მმართველ პარტიას მიაწოდა.

 

დღის ამბები