28 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
შანსი ევროპიდან, რომელიც ვერცერთმა მხარემ ვერ გამოიყენა - პრეზიდენტმა მმართველი პარტია და ოპოზიცია პარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა

"ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა, რომ ევროპის აქტიური მოკავშირეობა უფრო მაღლა დაეყენებინა, ოპოზიციას კი არ ეყო ძალა, რომ გარე შანტაჟისა და წნეხისგან გათავისუფლებულიყო" -პრეზიდენტმა ეს განცხადებები დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა მხარემ ევროკავშირის მხარდაჭერა საკმარისად ვერ გაიაზრა.

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მუდმივი პროვოკაციების ფონზე არასაკმარისი სიფრთხილის გამოც აკრიტიკებს. პრეზიდენტის კრიტიკა ეხება პოზნერის ვიზიტს და გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას.

პრეზიდენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოებასთან და მასთან კონსულტაციების გავლას, ასევე უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას მოითხოვს.

პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით პრეზიდენტს ოპოზიციაში არ მოუსმინეს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ნომინალური ფიგურაა, არ შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და შესაბამისად, მისი მოწოდებები მოწოდებებად რჩება.

პრეზიდენტს გზავნილები მოუწონეს მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ზეპარტიულია, თუმცა ზურაბიშვილის კრიტიკას არ იზიარებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ყველაფერი, ოპოზიციამ კი არაფერი არ გააკეთა.

პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, დარბაზში არ იყო არც დებატები და არც ფრაქციის თავმჯდომარეების საპასუხო გამოსვლები, რადგან მეათე მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთადერთი ფრაქციაა, ისიც "ქართული ოცნების", რომლის თავმჯდომარეც კოვიდინფიცირებულია.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მესამეჯერ მიმართა. ამჯერად მეათე მოწვევის პარლამენტს, სადაც 150 კანონმდებლის ნაცვლად მხოლოდ 3 პარტიის 96 დეპუტატია წარმოდგენილი.

დღის ამბები