28 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე - ვოლოდიმერ ზელენსკი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა

წესებს და ნორმებს კრემლი რომ არ აღიარებს და შეთანხმებებსაც არ იცავს, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა აღმოსავლეთ უკრაინაში. მხოლოდ ერთ დღე-ღამეში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ 5-ჯერ დაირღვა. დონბასში დისლოცირებულ რუსულ შეიარაღებულ ფორმირებებსა და უკრაინის სამხედროებს შორის დაპირისპირებას კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. ვოლოდიმერ ზელენსკი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა, რაც რუსეთმა პროვოკაციად შეაფასა. 

კრემლს უკვე მერამდენედ უთხრა ხმამაღლა ვაშინგტონმა, რომ კიევი მარტო არ არის. აქამდე პროვოკაციად შეფასებული მოსკოვის წესების გარეშე ბრძოლა, დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ მტრული ქმედებები უწოდა. 

რამდენიმედღიანი დუმილი დღეს დაირღვა თბილისში. მეგობარ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და რუსული აგრესია უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით დაგმო საქართველოს პარლამენტმა. მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკური გზავნილები ნიკოლოზ სამხარაძემ გაახმოვანა. დოკუმენტის მიხედვით, საგარეო ურთიერთობების კომიტეტი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო საზოგადოებას კი გააქტიურებისკენ მოუწოდებს. არ არის გამორიცხული საკანონმდებლო ორგანომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღოს.

ორი ქვეყნის ერთი პრობლემა მორიგი ურთიერთბრალდებების თემა გახდა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის წევრებს დაგვიანებულ რეაგირებასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

მეგობარ ქვეყნებთან მიმართებაში მეტი სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს ოპოზიციას მმართველი გუნდი და ახსენებს, რომ მხოლოდ საჯარო განცხადებები ხელისუფლების პოზიციას არ გამოხატავს, მმართველ გუნდში განმარტავენ რომ უკრაინელ კოლეგებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. დონბასში სამხედრო ტექნიკის მობილიზება გრძელდება - ქვეყანა ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა.

დღის ამბები