პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება. როგორც კრემლის კრიტიკოსის ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა BBC-ს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოაჩნდა.
ნავალნიმ, რომელსაც ფეხებისა და ხერხემლის ტკივილი აწუხებდა, რამდენიმე დღის წინ სათანადო მკურნალობის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მიმდინარე კვირის დასაწყისში პოლიტიკოსი ქალაქ პოკროვის ციხის საავადმყოფოს სამკურნალო პალატაში რესპირატორული დაავადების სიმპტომებით გადაიყვანეს. მას ხველა და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად, ნავალნი შიმშილობას აგრძელებს.
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, სათანადო მკურნალობა გაეწიოს ოპოზიციის ლიდერს და მოხდეს მისი დროული განთავისუფლება, როგორც ამას ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია მოითხოვს. კუბილიუსმა ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩებს რუსეთში, თხოვნით მიმართა ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობას საპატიმროში პირადად გაეცნონ.