28 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
მე ვთხოვე ოპოზიციას, დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ორგანოდან - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის წარუმატებლად დასრულებას დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტარების გამოხმაურება მოჰყვა. მათი ძირითადი გზავნილია, რომ ორივე მხარე კომპრომისზე წავიდეს და კონსენსუსამდე მისვლის გზები ეძებონ. ევროპელი დეპუტატები იმედგაცრუებას გამოხატავენ. მათ შორის არის ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც აცხადებს, რომ ევროპა ძალიან მომთმენი იყო ამ საკითხებში და ეს მოთმინება დიდხანს გაგრძელდა. 

კრამონი ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუკი ოპოზიცია მმართველ გუნდს ოპონირებას პარლამენტში არ გაუწევს, დიალოგი ვერ იქნება. 

"ვფიქრობ, ძალიან მომთმენები ვიყავით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და პრინციპში, ეს განცხადება და ჩვენი იმედგაცრუების ახსნა, ცოტა დავაგვიანეთ კიდეც. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა, ჩვენ გვჭირდება პარტნიორები საქართველოში, რომლებიც მზად იქნებიან, მიიღონ ჩვენი მხარდაჭერა და მზად იქნებიან, გააანალიზონ, რაც შევთავაზეთ ფინანსური მხარდაჭერის, კავშირების, პროექტების თვალსაზრისით და ა.შ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ელოდება პოლიტიკური კრიზისის, არეულობის რაც შეიძლება მალე მოგვარებას.

მე არ ვიყავი ბედნიერი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტით პირველივე წუთებიდან. ისინი არც კი დაელოდნენ საბოლოო შედეგებს. არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს ბოიკოტირება. ეს ჩემთვის მიუღებელია. პარტნიორები გვჭირდება პარლამენტში. სწორედ ეს ვუთხარი ოპოზიციურ პარტიებს, რომ თუ გარეთ დარჩებიან, უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე და გადაწყვეტენ ქუჩის რევოლუციებს, ჩვენ დიალოგი ვერ გვექნება. ვერ შევძლებთ ერთად მუშაობას, ვერ შევძლებთ დანიელსონის მიერ რეკომენდებული შეთანხმების იმპლემენტაციას.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია, ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორები, კოლეგები, პარლამენტის წევრები პარლამენტში და არა მის გარეთ. ჩვენი განცხადების ადრესატი ორივე მხარეა. ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავისი საქმე სათანადოდ. მე ვთხოვე ოპოზიციას, რომ დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში და ბოლოს და ბოლოს დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ორგანოდან,"- აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

დღის ამბები