დღეს უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება ვითარების ყველაზე მასშტაბურ ესკალაციად შეფასდა, 2014 წლის შემდეგ. ყირიმსა და დონბასის რეგიონებში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზება გრძელდება.
დონბასში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები უკრაინის საზღვარზე ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად არიან.
სეპარატისტების საბრძოლო მზადყოფნის პარალელურად ყირიმსა და დონბასის რეგიონებში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკისა და სამხედროების მობილიზება გრძელდება. გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს, დაშავებულია ორი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი.
გამწვავებული ვითარების ფონზე, გუშინ ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. 40-წუთიანი დიალოგის დროს, ბაიდენმა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდამჭერ გზავნილს ევროკავშირის გააქტიურებაც მოჰყვა. ევროპული გაერთიანება რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. თავად ოფიციალურმა კიევმა უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა.