02 აპრილი 2025,   21:25
ვრცლად
"ვფიქრობთ, ამ პლატფორმას შეუძლია, საზოგადოებასთან ერთად, რეალური ეფექტი მოახდინოს დღევანდელ ვითარებაზე" - გიგი წერეთელი

"ჩვენ ევროპული საქართველო ყოველთვის ვიყავით მაქსიმალურად ერთიანობის მომხრე ყველა იმ მთავარ და ძირითად საკითხში და ასე გავაგრძელებთ" - ასე ეხმაურება პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. 

მისი თქმით, პლატფორმას, საზოგადოებასთან ერთად, რეალური ეფექტის მოხდენა შეუძლია. 

"ჩვენ, ევროპული საქართველო ყოველთვის ვიყავით მაქსიმალურად ერთიანობის მომხრე ყველა იმ მთავარ და ძირითად საკითხში და ასე გავაგრძელებთ. ვფიქრობთ, რომ ამ პლატფორმას შეუძლია, საზოგადოებასთან ერთად, რეალური ეფექტი მოახდინოს დღევანდელ ვითარებაზე. მე მგონია, რომ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ დღეიდან უფრო მეტი ჩართულობით, უფრო აქტიურობით, უფრო მეტი კოორდინაციით იქნება. აქამდე პლატფორმის სახელი მაინც და მაინც ხშირად არ გამოიყენებოდა," - აცხადებს გიგი წერეთელი.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ რა იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა, მისთვის ცნობილი არ არის. 

"ქალბატონმა ზურაბიშვილმა რა იგულისხმა ამ ფრონტთან დაკავშირებით, მე არ მაქვს ინფორმაცია. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესი ნაწილი მიშა სააკაშვილის გათავისუფლების გამო არ დგას. ეს არის ზუსტად ის, რომ ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ვერ გადაუბიჯებია "ნაციონალურ მოძრაობას". "ნაცმოძრაობა" ჩვენთვის ყოველთვის იყო წითელ ხაზი, დღესაც წითელი ხაზია და მომავალშიც ასე გაგრძელდება," - აცხადებს ანა ბუჩუკური.

დღის ამბები