02 აპრილი 2025,   21:24
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

მიხეილ ყაველაშვილი დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.

"მე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი სამხედრო მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად, ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის თავგანწირული ქართველი გმირები. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას. თქვენ, ქართველი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებთ ჩვენი გმირების საქვეყნო საქმეს და დაუღალავად ემსახურებით ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. მჯერა, რომ ღირსეული ქართველი ჯარით, საქართველოს თითოეული მოქალაქე ამაყობს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბრიგადის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ქვედანაყოფის ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, რის შემდეგაც, მიხეილ ყაველაშვილმა სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 

დღის ამბები