
რატომ არ ითხოვს ელენე ხოშტარია, მისი თანაგუნდელები ან ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ვიდეოჩანაწერებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხოშტარია დააკავეს და მან სოციალურ ქსელში სამართალდამცველების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.
29 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია, რომ იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეოჩანაწერებს.
"ქართული ოცნების" შეფასებით, დადასტურდა, რომ ელენე ხოშტარიამ და მისმა მხარდამჭერებმა სიცრუე გაავრცელეს, რაც ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ცხადი გახდებოდა.
საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა თავად ელენე ხოშტარიამაც - მისი განცხადებით, ის არცერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან არ ითანამშრომლებს.
"ადამიანის ღირსების დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი არ უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ განცხადებაში. მათ სცადეს, რომ ეს აეხსნათ რაღაცა ნივთიერების, ჩემი გამოწერილი წამლის სადღაც ექსპერტიზაზე წაღებას. მე კატეგორიულად არ ვთანამშრომლობ და არ ვითანამშრომლებ არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურასთან, არც სასამართლოსთან, არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, არც პარლამენტთან, არც კომისიასთან", - აცხადებს პარტიის "დროას" დამფუძნებელი, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.