
"ადამიანების შეუთანხმებლობა ერთმანეთში მთავარ სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება. ეს არის "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მიერ რევოლუციური პროცესის განვითარება" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
გიორგი ვოლსკის თქმით, "კოლექტიური ნაცმოძრაობის" აზრით, რევოლუციური პროცესის განვითარების გზაზე სალომე ზურაბიშვილი ლიდერობისთვის არ გამოდგება, ამიტომ დაუდგეს გვერდით სააკაშვილის პორტრეტი.
"სცენარი სალომე ზურაბიშვილის გალიდერებას გულისხმობდა. მან ხან ქოლგის შესახებ განაცხადა და ხან ქარტია წარმოადგინა. ქარტიაზე ხელი მოაწერინეს ადამიანებს, ვინც სალომე ზურაბიშვილს უზნეოდ და უწმაწურად აგინებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს სცენარი ვერ დაიდგა და ვერ განხორციელდა.
ადამიანების შეუთანხმებლობა ერთმანეთში მთავარ სტრატეგიულ გეგმას უკავშირდება. ეს არის "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მიერ რევოლუციური პროცესის განვითარება. მათი თვალსაზრისით, სალომე ზურაბიშვილი არ გამოდგება ამ გზაზე ლიდერობისთვის. სწორედ ამიტომ დაუდგეს მას გვერდით მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი.
ლოზუნგების სიყალბე, თვალთმაქცობა, ადამიანების დამოკიდებულება არა მარტო ერთმანეთის, არამედ სახელმწიფოს, ხალხის, საზოგადოების ინტერესის მიმართ. ეს ყველაფერი აღრეულია და შეჯიბრი იმაზე, ვინ მეტი ზიანის მომტანია საკუთარი ქვეყნისთვის, სალომე ზურაბიშვილის წაგებით დასრულდა." - აცხადებს გიორგი ვოლსკი.