"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს აქ წარმოდგენილი", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გააკეთა.
მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში რჩებიან და საკომიტეტო ფორმატში მუშაობას განაგრძობენ.
"პროცედურა აღიძრა, პროცედურა მიმდინარეობს, ჩვენ მოგვეცა ჩვენი პოზიციის გამოთქმის საშუალება, თუმცა როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, ალბათ რამდენიმე წუთში ეს არ უნდა წყდებოდეს და ამის შესახებ მე პლენარულ სხდომაზეც, როცა მომეცა გამოსვლის საშუალება, გამოვთქვი წუხილი, რომ ნამდვილი დებატები უნდა იმართებოდეს, როდესაც ასეთი საკითხი წყდება, და მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომლის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. შედგება კენჭისყრა და იქ გამოჩნდება, გაიმარჯვებს ექსტრემისტი ქართული ოპოზიცია და ჩვენს დელეგაციას გაუშვებენ ამ კედლებიდან, თუ ეს არ მოხდება. ეს გადაწყდება ოთხშაბათს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი, რომლისთვისაც ძვირფასია სამშობლო და მისი სტაბილურობა, ღირსეულად იყოს აქ წარმოდგენილი", - აცხადებს თეა წულუკიანი.