ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვენაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა. "რაიფაიზენ ბანკის" ორგანიზებით, გამართულ შეხვედრას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი დაესწრო.
ნათია თურნავამ როგორც საქართველოში წარმოდგენილ, ასევე პოტენციურ ინვესტორებს ქვეყანაში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა; მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით "ცენტრალური ბანკები გლობალური შოკების შემდეგ" და გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
"ჩვენ გვინდა, რომ დავარწმუნოთ ინვესტორები იმაში, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური გარემო არის სტაბილური, ჩვენი პოლიტიკა არის თანმიმდევრული და საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება საქართველო ინვესტორებისთვის. ნიშანდობლივია, რომ აქ მონაწილეობს 25-ზე მეტი ინსტიტუციური ტიპის ინვესტორი, ფონდები, სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო ჯგუფები და ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაღალი ინტერესია ზოგადად საქართველოს მიმართ", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.