18 იანვარი 2025,   01:21
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული ტვირთი, ისრაელის სამხედრო ძალების ანკლავიდან ეტაპობრივად გაყვანა და მძევლების გათავისუფლება -15 თვიანი ომის შემდეგ ისრაელმა და "ჰამასმა" შეთანხმებას მიაღწიეს

6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, 600 მანქანა ჰუმანიტარული ტვირთით, ისრაელის სამხედრო ძალების ანკლავიდან ეტაპობრივად გაყვანა და მძევლების გათავისუფლება - თითქმის 500 დღიანი ომის შემდეგ, ისრაელმა და "ჰამასმა" შეთანხმებას მიაღწია. 3 პუნქტიანი შეთანხმების ყველა დეტალი არ გასაჯაროვდა, თუმცა, ცნობილია, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზა 42 დღეზეა გათვლილი. მთავარი საკითხი მძევლების გათავისუფლებაა - "ჰამასმა" პირველ ეტაპზე 33 ტყვე უნდა გაათავისუფლოს. თითოეული მშვიდობიანი მძევლის სანაცვლოდ ისრაელისგან 30 მსჯავრდადებულს მიიღებს, ხოლო თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის კი - 50 პატიმარს.მნიშვნელოვანია, ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც - 90-ზე მეტი მძევლიდან 30-ზე მეტი შესაძლოა ცოცხალი აღარ იყოს.

ისრაელის მიერ შეთანხმების მიღება ოფიციალურად არ ჩაითვლება, ვიდრე ამას ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი და მთავრობა არ დაამტკიცებს. კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება და "ჰამასი" ბოლო მომენტში შეთანხმების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით, უკან დახევასა და ახალი მოთხოვნების წაყენებაში დაადანაშაულა. ისრაელის ბრალდება უარყო ადრესატმა. განცხადებები მხარეებმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სამშვიდობო შეთანხმება დაადასტურაa კატარმა, რომელიც მოლაპარაკებების მთავარი შუამავალი იყო.

კატართან ერთად, შუამავლები იყვნენ აშშ და ეგვიპტე. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დაწერა, რომ შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში მათ მიაღწიეს. ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა კი თქვა, რომ მოლაპარაკებებში არა დონალდ ტრამპი, არამედ თავად მონაწილეობდა.

"ჰამასსა" და ისრაელს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ მსოფლიო ლიდერები. განცხადება გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმაც.

ღამით იზეიმეს ღაზის სექტორსა და ისრაელშიც. არაბულ ანკლავში მყოფები დევნილთა თავშესაფრებიდან გარეთ გავიდნენ და ერთად აღნიშნეს ნანატრი ცეცხლის შეწყვეტა. თელ-ავივში კი ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს მართავდნენ, მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.

თუმცა, ღაზაში სიხარული ისევ აფეთქებების ხმამ შეცვალა. მედიის ინფორმაციით, ისრაელმა არაბულ ანკლავზე ისევ იერიში მიიტანა. პალესტინური მხარის ინფორმაციით, თავდასხმას 73 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 20 ბავშვი იყო.

შეთანხმების პირველი ფაზა 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. სწორედ ამ დროს დაბრუნდებიან პირველი მძევლები ისრაელში.

ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელი მებრძოლები ისრაელს თავს დაესხნენ, მოკლეს 1 139 ადამიანი, 250-მდე კი მძევლად აიყვანეს. თითქმის 500 დღიანი ომის პერიოდში პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციას 46 707 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები