მმართველი გუნდის შეფასებით, პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოხსნა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უწყების ანგარიშით დადასტურდა მთავარი - რომ ოპოზიცია საკუთარ აღქმებს ფაქტებით ვერ ამყარებს.
პროკურატურის შუალედური დასკვნა დღის წესრიგიდან არ ხსნის ოპოზიციის მოთხოვნას. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დღეს აქტუალური უკვე ახალი არჩევნებია და არა გასული არჩევნების მიმდინარე გამოძიება, რომელსაც ისინი არ ენდობიან. პარტიებში ამბობენ, რომ გაყალბების მტკიცებულებები მათ პროკურატურაშიც საკმარისად წარადგინეს.
პროკურატურის შუალედური ანგარიშის მიხედვით, გამოირიცხა ის, რაზეც ოპოზიცია აქტიურად მიუთითებდა. უწყების ინფორმაციით, მოწმეებმა მტკიცებულებები ვერ წარადგინეს, საგამოძიებო ექსპერიმენტების საფუძველზე კი დადგინდა, რომ ერთი ამომრჩევლის მიერ ერთ, ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მრავალჯერადად ხმის მიცემა თეორიულადაც შეუძლებელია. ამ ფონზე, მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვენ მათი ოპონენტები ახალ არჩევნებს.
გამოძიება, რომელიც 30 ოქტომბერს ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო, გრძელდება. პროკურატურა პირებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებაზე საჯაროდ საუბრობდნენ, ისევ გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.