სახელისუფლებო გუნდი, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, კონკრეტულ კითხვებზე, კონკრეტულ პასუხებს ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობას საგაზაფხულო სესიის პირველი კვირიდან დაიწყებს. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობის აუცილებლობას კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ 6 თვიანი მუშაობის შემდეგ, პროკურატურას, არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გადაეცემა.
თანამშრომლობა სავალდებულოა, თუმცა ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საზოგადოების ინტერესის სფერო დღეს სხვა პრობლემური საკითხებია.
მმართველი გუნდი საზოგადოების მიმართ იმ დაპირებაზე საუბრობს, რომელიც არჩევნებამდე გასცა და რაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას გულისხმობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი მიზანი გამოძიების გამჭვირვალეობა და პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა. საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ჩაერთვება "ხალხის ძალა".
ოპონენტებს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი შეახსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიასთან თანამშრომლობის საკითხი ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის და უარის შემთხვევაში შესაბამისი ზომები ამოქმედდება.
საგამოძიებო კომისიამ "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდზე, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივი შეფასება უნდა მოამზადოს. 2003-2012 წლებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნებსა და რეკომენდაციებს კანონმდებლები, საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას გამოაქვეყნებენ.