18 იანვარი 2025,   01:29
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა, თბილისში ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაასრულეს - რა დასკვნებს ჩაიტანენ თანამომხსენებლები სტრასბურგში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა, თბილისში ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაასრულეს. მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიენცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი.

პრემიერ-მინისტრი დელეგაციას დეტალურად ესაუბრა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებასა და სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სისტემის საბოტაჟის მცდელობაზე და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ვიზიტის მესამე დღეს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინეს მონიტორინგის წევრებმა ოპოზიციისგან. არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების ხელმძღვანელები, დელეგაციას სასტუმრო "რედისონში" შეხვდნენ. გამონაკლისი გიორგი გახარია იყო, მან უცხოელ სტუმრებს საკუთარ სახლში უმასპინძლა. 

ადამიანის უფლებების დარღვევა, ახალი არჩევნები და ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" უფლებამოსილების არ ცნობა - ამ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება შეხვედრაზე მმართველი გუნდის ოპონენტებმა.

ვიზიტის ბოლო დღეს, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეებსაც შეხვდნენ. ვახტანგ გომელაურმა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აქციის მონაწილეების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული საპასუხო ღონისძიებების შესახებ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად ინტერპრეტირებენ და დელეგაციის წარმომადგენლებს არაობიექტურ ინფორმაციას განზრახ აწვდიან.

საპარლამენტო ასამბლეის წევრები თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მესამე დღეა მართავენ. გუშინ ისინი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ და პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი გუნდის დეპუტატებს, საკანონმდებლო ორგანოში, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი გუნდის წევრებს ესაუბრნენ.

საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები დღეს გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები - ანდრო ჭიჭინაძე და ზვიად ცეცხლაძე მოინახულეს. მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები თბილისში იმის შესაფასებლად ჩამოვიდნენ, რამდენად ასრულებს საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, საპარლამენტო უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი - ევროსაბჭოს დელეგაციამ შეხვედრები ყველა მხარესთან გამართა. მიღებულ ინფორმაციას უცხოელი მონიტორები საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ასახავენ.

დღის ამბები