17 იანვარი 2025,   20:18
ვრცლად
"მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა, ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო" - ხვიჩა კვარაცხელია ვიდეო მიმართვას აქვეყნებს

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლს ემშვიდობება. ფეხბურთელი ვიდეოს აქვეყნებს:

"მიჭირს და რთულია, თუმცა დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი პერიოდი გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ, ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. ნაპოლი ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ამ წამს თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. პირველი გოლი და განცდები არასდროს დამავიწყდება. ჩემი პირველი განცდები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური შეძახილები, ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო, როგორც საშინაო, ისე გასვლით შეხვედრებში. ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი.

აქ ბევრი რამე ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. გავიზარდე როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. ჩემთვის ძალიან საპატიო იყო ამ მაისურის ტარება. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს - ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა წევრს და რაც მთავარია თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს. გემშვიდობებით, თუმცა ჩემს გულში მუდამ იქნებით და იმედია კიდევ შევხდებით. ვიცი ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა წარმატებები გისურვოთ ამ ქალაქს, ამ ხალხს ჩემპიონობა და სკუდეტო მოვუტანოთ.

აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა ახლა კი აქაურობას ვტოვებ როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრი "სკუდეტო" და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი: ნიცა, რომელიც მუდამ ჩემს გვერდითაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა, ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს.

წასვლის წინ აქ მოსვლა ყველაზე მეტად მინდოდა. ეს განსაკუთრებული ადგილია. აქ ყველაზე მეტად და მძაფრად იგრძნობა თუ რას ნიშნავს ამ ქალაქისთვის დიეგო, აქ ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვართ. დიეგო თითოეული ნეაპოლელის გულში ცოცხალია და სულ ასე იქნება. ამ ადგილს განსაკუთრებული ენერგია და ძალა აქვს. ნეაპოლი და დიეგო ერთმანეთით ცხოვრობენ - დიეგო ფეხბურთის ღმერთია და ეს ყველაზე მძაფრად ამ ქალაქში იგრძნობა. ახლა აქ ყოფნა განსაკუთრებით ემოციურია, გულშემატკივრებთან, გუნდთან და ქალაქთან ერთად, დიეგოსთანაც მიწევს დამშვიდობება. ნახვამდის დიეგო, ნახვამდის ნაპოლი," აცხადებს - ხვიჩა კვარაცხელია. 

 

 

დღის ამბები