24 დეკემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ლევან დავითაშვილი: ბიზნესი და, ზოგადად, ეკონომიკური პროცესები მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ... მშვიდობა და სტაბილურობა უპირველესი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს

"ვფიქრობ, რომ, ფაქტობრივად, პასუხი გაეცა ყველა იმ საკითხს, რაც დღეს ქართულ ბიზნესს აწუხებს, საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს. განსაკუთრებით საუბარი იყო პერსპექტივაზე და მომავლის ხედვაზე, მათ შორის, ხელისუფლების კურსზე, რადგან, სამწუხაროდ, მიუხედავად ბევრი განმარტებისა, მიუხედავად ხშირი კომუნიკაციისა, ამ საკითხებზე ხდება აპელირება, მათ შორის, ოპოზიციური ძალების თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების მიერ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესსექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საინტერესოდ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა - იქ წარმოდგენილი იყო საქართველოს უმსხვილესი ბიზნესი, სხვადასხვა პოზიციაზე და მოსაზრებაზე მყოფი ბიზნესმენები - ისინი, ვინც მხარს უჭერენ ხელისუფლების კურსს და ადამიანები, რომელთაც კითხვები გააჩნიათ. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძალიან დეტალურად განმარტა ხელისუფლების კურსი.

"ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დაპირებების, რომელიც საარჩევნოდ ხალხს მივეცით - რომ ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული და საბოლოოდ მივაღწევთ იმ შედეგებს, რომელსაც ვგეგმავთ. ამ ყველაფერზე პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად და ამომწურავად ისაუბრა. რა თქმა უნდა, შევეხეთ მიმდინარე პროცესებს - უკიდურეს პოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ გამოწვევებს, რომელიც სტაბილურობასთან დაკავშირებით არის დღეს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როგორც ბიზნესს, ისე საზოგადოების ყველა ჯგუფს სურს სიმშვიდე და კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ პლატფორმაზეა ჩვენი საზოგადოების თუ ბიზნესის სხვადასხვა ჯგუფი, ვფიქრობ, რომ სურვილი ყველას ერთი აქვს - ქვეყანაში იყოს მეტი კეთილდღეობა და ალბათ სტაბილური და პროგნოზირებადი განვითარების გარემო", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესი, ზოგადად ეკონომიკური პროცესები მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ და შესაბამისად მშვიდობა და სტაბილურობა უპირველესი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს იყო დისკუსიის საგანი, ასევე საუბარი წარიმართა არსებული მოლოდინების გარშემო. მისი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე პროცესების და სიტუაციის დეტალური ანალიზი გააკეთა.

"ვისაუბრეთ პროგნოზებზე, რომელიც, ვფიქრობ, ბიზნესის დიდი ნაწილისთვის იყო საკმაოდ დამაჯერებელი. თუმცა, როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ბიზნესმენებმაც გააკეთეს განცხადება, ბიზნესში არიან ადამიანები, მათ შორის მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა გაგრძელდეს, ამაზე სრული მზადყოფნაა პრემიერ-მინისტრის მხრიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები