16 წლის მოზარდის დედამ "კურიერთან", შვილის დაჭრის დეტალები გაიხსენა. მშობელი, რომელიც უკვე მეორე დღეა კლინიკაში შვილის გამოჯანმრთელებას ელოდება, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს.
დედამ, როგორც თავად ამბობს, კარგად იცის ვინ მიაყენა დანით მის შვილს მრავლობითი ჭრილობები. გავრცელებული ინფორმაციით, ის 14 წლის მოზარდია. მშობელი ჰყვება რომ შვილის თანასკოლელი ერთ-ერთი კონკრეტულ დაჯგუფებაშია გაწევრიანებული, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. ჯგუფის წევრები გადაადგილდებიან ნიღბებით რათა, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მათი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდეს.
დაჭრილი მოზარდის დედა, "კურიერთან" დანაშაულის მოტივზეც საუბრობს. ქალი ჰყვება, რომ სავარაუდო დამნაშავემ, მისი შვილის მოკვლა რამდენიმე თვის წინ განიზრახა და დახურულ ჯგუფში სტატუსიც დაწერა. განზრახვის სისრულეში მოყვანას კი გუშინ შეეცადა, მაშინ როდესაც სკოლის მოსწავლე ძმასთან ერთად ქუჩაში სეირნობდა.
მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტზე კარგად იციან დაჭრილი არასრულწლოვნის მეგობრებმაც. ისინი "კურიერთან" დამატებით დეტალებს ჰყვებიან.
16 წლის ბიწის დაჭრის ფაქტზე, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილას პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. 14 წლის მოზარდის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა.
ზესტაფონის ქუჩაზე სისხლიან ანგარიშსწორებას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ სკოლის მოსწავლეს დანით ჭრილობები მოულოდნელად მიაყენეს. სისხლის კვალი შემთხვევის ადგილას ახლაც ეტყობა.
დაჭრილი სკოლის მოსწავლე ამ დრომდე კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
"კურიერმა" დაკავებული მოზარდის მშობელთან გასაუბრებაც სცადა, თუმცა საცხოვრებელ მისამართზე არავინ იმყოფებდა.
"კურიერმა" დაკავებული მოზარდის შესახებ კონკრეტული დეტალები გაარკვია. გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის ბიჭი თბილისის დინამოს ფანკლუბ ელიტას წევრია, მასში გაწევრიანებულები არიან არასრუწლოვნებიც. ფანკლუბ "ელიტას" შესახებ ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის მოძიება ადვილი შესაძლებელია, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი რომ, განთავსებულ ვიდეო და ფოტო მასალაში ფანკლუბის წევრებს სახეები დაფარული აქვთ და უკეთიათ ნიღბებიც.