24 დეკემბერი 2024,   22:09
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის მოწოდება ჯარის დაუმორჩილებლობისკენ - მმართველი გუნდი "ლელოს" დამფუძნებლის განცხადების მიღმა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს ხედავს

მმართველი გუნდი "ლელოს" დამფუძნებლის განცხადების მიღმა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს ხედავს. საუბარია, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც ყოფილი ბანკირი თავდაცვის ძალებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. ხაზარაძე წერს, რომ ჯარმა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს უნდა დაემორჩილოს. სახელისუფლებო პარტიისთვის ოპონენტის გზავნილი იმის დასტურია, რომ მათთვის ნებისმიერი სახის დესტრუქცია მისაღებია. "ოცნებაში" დღეს ოპოზიციას ქართული ჯარის ისტორია შეახსენეს.

ხაზარაძის იდეა, მის თანაგუნდელებთან ერთად, ბარიერგადალახულ კიდევ ორ პარტიაშიც გაიზიარეს. "ლელოში" ფიქრობენ, რომ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს, შესაბამისად, ჯარიც მხოლოდ მას უნდა ემორჩილებოდეს. თავდაცვის ძალებთან ერთად დღეს დაუმორჩილებლობისკენ "ნაციონალური მოძრაობიდან" პოლიციას და სასამართლოსაც მოუწოდეს.

კოლეგებისგან განსხვავებულია გიორგი გახარიას პარტიის პოზიცია. ექს-პრემიერის გუნდი ხაზარაძის მოწოდებაში რადიკალიზმის ნიშნებს ხედავს.

ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომელიც მიზნად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად - საპარლამენტო უმრავლესობაში "ლელოს" ლიდერი მწვავედ გააკრიტიკეს. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად მათთვის ნებისმიერი მძიმე სცენარიც კი მისაღებია.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ 14 დეკემბერს 224 ხმით აირჩია. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას რეგლამენტის მიხედვით ქართული ჯარის წარმომადგენლებიც მიიღებენ.

დღის ამბები