24 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ბიზნესი და პოლიტიკა - შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა პოზიცია და კრიზისიდან გამოსვლის მოსაზრებები

აუცილებელი და საინტერესო - ასე შეაფასა ბიზნესმენების უმრავლესობამ ის შეხვედრა, რომელიც 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრემიერისგან დამაიმედებელი გზავნილები მოისმინეს.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვას და სამომავლო პრიორიტეტებს შეეხო. მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები და ვითარების დეესკალაციის წინაპირობად, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნები მიაჩნიათ.

განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ბიზნესი პოლიტიკური მოვლენების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და ახლა ქვეყანაში არსებული ვითარების განმუხტვისთვის ყველა მხრიდან კომპრომისული ნაბიჯებია საჭირო.

ყველა საკითხზე, რომელიც ბიზნესს აწუხებს, დიალოგის რეჟიმში პასუხები გაეცა - ლევან დავითაშვილმა შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. ვიცე-პრემიერმა დააანონსა, რომ ბიზნეს სექტორთან დიალოგი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში კვლავ შედგება შეხვედრა, რომელშიც ის ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები, რომლებსაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრას, ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

დღის ამბები