24 დეკემბერი 2024,   22:31
ვრცლად
"ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, 4 პირს დანით ჭრილობები მიაყენა" - პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 4 პირს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები