25 დეკემბერი 2024,   09:44
ვრცლად
სამხედრო პროექტების შემდეგ, მწვანე ენერგეტიკა და სასმელი წყალი - გერმანიის ფედერაციულმა მთავრობამ, საქართველოს 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეუჩერა

ოფიციალური ბერლინი, თბილისთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს აჩერებს, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას განაგრძობს. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს გადაწყვეტილება, ცნობილი პიტერ ფიშერის განცხადებიდან გახდა. გერმანიის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს მიერ ევროკავშირის გზის დატოვებასა და აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან. შედეგად კი მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბათუმში, წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსებას ბლოკავენ.

სახელისუფლებო პარტიამ ბერლინის გადაწყვეტილებაში შანტაჟი ამოიკითხა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ პროექტებში უცხოურ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააკომპენსირებენ.

გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით, ოპოზიციას კითხვები არ აქვს. პირიქით, ამბობენ, რომ ლოგიკურია თუ კონკრეტული პროექტებისთვის განსაზღვრული თანხები არასამთავრობო სექტორში გადამისამართდება. ხელისუფლების ოპონენტები პარტნიორების მხრიდან კიდევ ელოდებიან ნაბიჯებს, რომლითაც მათივე განცხადებით, საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკა ზიანდება.

ეროვნული მნიშვნელობის პროექტების ნაცვლად, არასამთავრობო სექტორის გაძლიერება უცხოური დაფინანსებით - ასე აფასებენ გადაწყვეტილებას "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბერლინის მხრიდან რესურსებით მანიპულირებას კონკრეტული მიზეზები აქვს.

ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებამდე, იყო გერმანიის კიდევ ერთი გადაწყვეტილება სამხედრო პროექტების დაფინანსების გაჩერებაზე. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ, ისევ პიტერ ფიშერმა გაავრცელა.

დღის ამბები