პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის სავარაუდოდ ბოლო შეწყალების აქტმა, მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 9 მსჯავრდებულიდან, რომელიც ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე შეიწყალა, მმართველი გუნდის აზრით, ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ძმები წულუკიძეები, რომლებიც მსჯავრს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით იხდიდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან კავშირში. "ოცნებისთვის" საეჭვოა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორის ვადაზე ადრე განთავისუფლებაც. გვაზავა პატიმრობაში, პანდემიის დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტისთვის გამოყოფილი დიდძალი საბიუჯეტო თანხების მითვისების გამო იმყოფებოდა.
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს ოპოზიცია. ამბობენ, რომ პრეზიდენტი საკუთარი დისკრეციული უფლებით სარგებლობს. "ნაციონალურ მოძრაობა," რომელიც 2019 წელს პრეზიდენტს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული შეწყალებისთვის დაუპირდაპირდა და დამნაშავეს უწოდებდა - ახლა განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამბობენ, რომ ძმები წულუკიძეები პოლიტიკური მიზნით იდევნებოდნენ და ზურაბიშვილმა ჰუმანური აქტით ისინი დაიხსნა.
პრეზიდენტმა ვადის ამოწურვამდე მორიგი საეჭვო აქტი გამოსცა - ასეთია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია. პოლიტიკოსების თქმით, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები რადიკალიზმის წახალისებას ემსახურება. "ქართულ ოცნებაში" დღეს, სალომე ზურაბიშვილის მიერ სხვა დროს შეწყალებულებიც გაიხსენეს და თქვეს, რომ მთავარსარდალი ყოველთვის სუბიექტური ინტერესებით მოქმედებდა.
სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს 9 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური კრიტიკის საფუძველი. განსაკუთრებულად მწვავე გამოხმაურება 2019 წელს - პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულისა და 2024 წელს - სამართალდამცავზე თავდასხმის მცდელობისთვის დაპატიმრებული ლაზარე გრიგორიადისის გამოშვებას მოჰყვა.