24 დეკემბერი 2024,   22:32
ვრცლად
"პროტესტი პოლიტიკურია და არა პარტიული, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი ფუნქცია არ უნდა დაკარგონ" - ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები კონსულტაციებს მართავენ

ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები, ამ წუთებში, კონსულტაციებს მართავენ. სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე მათ თქვეს, რომ განიხილავენ სამოქმედო გეგმას და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. კონსულტაციებს ესწრება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

"ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე მოვიდა დრო, რომ ჩვენ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. პროტესტი პროტესტად მნიშვნელოვანია და პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც ხალხს აქვს. ეს არის პოლიტიკური პროტესტი, თუმცა არა პარტიული, მაგრამ პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი ფუნქცია არ უნდა დაკარგონ, პოლიტიკას აკეთებენ ასევე პოლიტიკური პარტიები. გადაწყვეტილებების დროა. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ წარმოგვიდგენია ახალი არჩევნების დანიშვნა და როგორ წარმოგვიდგენია ახალი არჩევნების ჩატარება", - განაცხადა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ემზადება მყარი პოზიციის მოსამზადებლად იმ სავარაუდო მოლაპარაკებებისთვის, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.

"არჩევნები უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება სწრაფად - ეს პრეზიდენტმა განაცხადა. რა წესებით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, ამაზე გვექნება მსჯელობა, ასევე გვექნება მსჯელობა საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებზე - სანქციებზე, რომელიც საუბრიდან ქმედებებზე გადავიდა და მესამე - ეუთო/ოდირი, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა ყველა სპეკულაცია. ახალი არჩევნები ჩასატარებელია და ამას საერთაშორისო საზოგადოებაც [ადასტურებს]. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელიც ესწრება ამ შეხვედრას რომ, საბოლოო ჯამში, გვქონდეს დოკუმენტურად მყარი პოზიცია მომზადებული იმ სავარაუდო მოლაპარაკებისთვის, რომელზეც ისაუბრა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები