24 დეკემბერი 2024,   22:12
ვრცლად
შევეხეთ მიმდინარე პროცესებს, უკიდურეს პოლარიზაციას და გამოწვევებს, რომელიც სტაბილურობასთან დაკავშირებით ქვეყანაში არის. როგორც ბიზნესს, ისე საზოგადოების ყველა ჯგუფს სურს სიმშვიდე და კეთილდღეობა - ლევან დავითაშვილი

"აქ იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა მოსაზრებაზე მყოფი ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების კურსს უჭერენ მხარს, ადამიანები, რომლებსაც კითხვები გააჩნიათ. საკმაოდ საინტერესო დიალოგის რეჟიმში, ვფიქრობ, პასუხი გაეცა ყველა იმ საკითხს, რაც ქართულ ბიზნესს აწუხებს და ალბათ, რაც საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა, პრემიერთან ბიზნესმენების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.

"პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალურად განმარტა ჩვენი ხელისუფლების კურსი, ის, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი დაპირებების, რომელიც საარჩევნოდ ხალხს მივეცით, ის, რომ ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული. ჩვენ საბოლოოდ მივაღწევთ იმ შედეგებს, რომელსაც ვგეგმავთ. ამ ყველაფერზე პრემიერმა დეტალურად და ამომწურავად ისაუბრა. შევეხეთ მიმდინარე პროცესებს, უკიდურეს პოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ გამოწვევებს, რომელიც სტაბილურობასთან დაკავშირებით დღეს ჩვენს ქვეყანაში არის. რა თქმა უნდა, როგორც ბიზნესს, ისე საზოგადოების ყველა ჯგუფს სურს სიმშვიდე და სურს კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ პლატფორმაზეა ჩვენი საზოგადოების თუ ბიზნესის სხვადასხვა ჯგუფი, ვფიქრობ, რომ სურვილი ყველას ერთი აქვს, ამ ქვეყანაში იყოს მეტი კეთილდღეობა, სტაბილური და პროგნოზირებადი განვითარების გარემო.

ვისაუბრეთ პროგნოზებზე, რომელიც ვფიქრობ, ბიზნესის დიდი ნაწილისთვის იყო საკმაოდ დამაჯერებელი. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები