24 დეკემბერი 2024,   21:56
ვრცლად
საფრანგეთში, 47 წლის მასწავლებლის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე რვა ადამიანს 1-დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საფრანგეთში, სასამართლომ 47 წლის მასწავლებლის, სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე რვა ადამიანს 1-დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პატის მკვლელობა ინტერნეტში სიძულვილის გაღვივების კამპანიას მოჰყვა, რომელიც მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შესახებ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობოდა. კერძოდ, სამუელ პატის ადანაშაულებდნენ, რომ მან მუსლიმ მოსწავლეებს კლასის დატოვება უბრძანა, რათა დანარჩენებისთვის წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ უცენზურო სურათები ეჩვენებინა.

სინამდვილეში, 2020 წლის ოქტომბერში პატიმ, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მუჰამედის შესახებ ჟურნალ Charlie Hebdo-ს მიერ გამოქვეყნებული სადავო კარიკატურები აჩვენა. იქამდე, მასწავლებელმა მუსლიმ მოსწავლეებს ურჩია, თვალი აერიდებინათ სურათებისთვის, თუკი ეს მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა.

ამ საბედისწერო გაკვეთილიდან რამდენიმე დღეში, ჩეჩენი წარმოშობის 18 წლის თავდამსხმელმა, აბდულლაჰ ანზოროვმა სკოლის წინ, მასწავლებელი სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოაჭრა. დამნაშავე პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მოკლა.

მკვლელობის საფუძვლად მიიჩნევა ცრუ ინფორმაცია, რომლის გავრცელებისთვისაც გარდაცვლილი მასწავლებლის ერთ-ერთი მოსწავლის მამას, ბრაჰიმ ჩნინას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ჩნინამ სოციალურ ქსელში ვიდეოები გაავრცელა, სადაც პატის ცილი დასწამა, თითქოს მასწავლებელმა მისი ქალიშვილი გაკვეთილზე გამოთქმული პროტესტის გამო დასაჯა. ამასთან, ჩნინამ საჯაროდ დაასახელა სკოლა, მასწავლებლის სახელი და გაავრცელა მისი ფოტო და ვიდეოები.

სინამდვილეში, კარიკატურების ჩვენების დროს, ბრაჰიმ ჩნინას ქალიშვილი საკლასო ოთახში არ იმყოფებოდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდმა ცრუ განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც მშობლებმა ჰკითხეს, თუ რატომ დაითხოვეს ის სკოლიდან 2 დღით.

საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს - მუსლიმ აქტივისტ აბდელჰაკიმ სეფრიუს, პატის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივების კამპანიის ორგანიზების გამო, 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სეფრიუს ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მასწავლებლის მკვლელის ორ თანამზრახველს - ნაიმ ბუდაუდს და აზიმ ეფსირხანოვს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. ბუდაუდს ბრალად თავდამსხმელის სკოლაში მიყვანა ედება, ხოლო ეფსირხანოვს - იარაღის შეძენაში დახმარებას ედავებიან.

2022 წელს, მასწავლებლის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრაჰიმ ჩნინას ქალიშვილი და მისი 5 თანაკლასელიც. მათ ბრალად შეთქმულებაში მონაწილეობა და თავდასხმის მომზადებაში დახმარება ედებათ.

გამოძიების მიხედვით, ბრაჰიმ ჩნინას ქალიშვილი და მისი თანაკლასელები არ იცნობდნენ სამუელ პატის მკვლელს. ანზოროვმა მათთან კონტაქტი სოციალური ქსელების მეშვეობით დაამყარა, რათა პატის შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა. მოსწავლეებმა, რომლებმაც ანზოროვს ინფორმაცია მიაწოდეს, არ იცოდნენ მისი ნამდვილი განზრახვები. ყველა მათგანს სასამართლომ 14 თვიდან 2 წლამდე პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

წყარო: Reuters BBC

დღის ამბები