გადაჭარბებულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური პროგრესი დაკავშირებულია მხოლოდ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის სამომავლო ზრდას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ.
"ვიხილე ეს განცხადება და, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს ასეთი ფორმით, რასაც არ აქვს ეკონომიკური საფუძველი ბოლომდე, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით რუსული ფაქტორის და ომის ფაქტორის ეფექტზე ჩვენს ეკონომიკაში და ამაზე პროფესიონალები თანხმდებიან, რომ რა თქმა უნდა, მას გააჩნია გარკვეული ეფექტი პოზიტიური კუთხით ეკონომიკურ ზრდაში.
თუმცა, ეს არის გადაჭარბებული, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და განსაკუთრებით ბოლო წელს, არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან. ძალიან ბევრი ქვეყანა იგივე გეოგრაფიაში, რომელთაც უფრო ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთთან, არ იზრდება იგივე მაღალი ტემპით,. როგორითაც იზრდება საქართველოს ეკონომიკა. საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიმართებაში.
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, რომ ჩვენ გავიზრდებით სწრაფად მომავალ წლებში. ამას ადასტურებს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი, რომ საქართველო უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე იგივე დსთ-ს წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყო 1%-2%-იანი ეფექტი, რომელიც შუა დერეფნის როლს და მნიშვნელობას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში აქტივობებს ზრდის და ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი ეკონომიკისთვის პოზიტიური ფაქტორი, მაგრამ დიდწილად საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომლებიც წლების წინ ჩვენ გავატარეთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.