28 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
"მანდატებს ჩავხსნით მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ" - ბექა ლილუაშვილი

"ძლიერმა საქართველომ" პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. იგივე განაცხადი უკვე გააკეთა "კოალიციამ ცვლილებებისთვის".

პარლამენტისთვის მიმართვას არ ჩქარობს "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი გახარიას გუნდი.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საზოგადოება კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაციას კონკრეტულ მომენტში გაიგებს.

"არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია არ მივცეთ პარლამენტს. თარიღების შესახებ კონკრეტულ მომენტში შეიტყობს საზოგადოება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ისინი მანდატების ჩახსნასთან დაკავშირებით პარლამენტს მაშინ მიმართავენ, როცა პროცესი ყველაზე მეტად იქნება შედეგზე ორიენტირებული.

"მანდატებს ჩავხსნით მაშინ და იმ ფორმით, როცა ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და მაშინ, როცა ყველაზე მეტად შედეგზე ორიენტირებული იქნება ეს ფაქტი.

რიტუალური მიდგომები ბევრჯერ მოგვისმენი. რა მხრიდანაც არ უნდა წამოვიდეს [ზეწოლა] - "ოცნებიდან", თუ სხვა მხრიდან, ეს ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს.

როცა ვთქვით, რომ ჩვენს პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება- არ ექნება, წერტილი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები