28 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ლევან დავითაშვილი: "ეკონომიკური განვითარების სამთავრობო ხედვა და დეტალური სამოქმედო გეგმა 2028 წლისთვის ქვეყნის რეალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს"

"ჩვენ ძალიან კონკრეტული, რიცხვებში გამოხატული დაპირებები შევთავაზეთ საქართველოს საზოგადოებას, რომელიც გულისხმობს სიღარიბის მნიშვნელოვნად შემცირებას, 200 ათასზე მეტ ახალ სამუშაო  ადგილს, მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვნად ზრდას, მშპ-ს  მიხედვით საქართველოს უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნის კატეგორიაში გადასვლის პერსპექტივას და ბევრ სხვა მიზანს, სამიზნე მაჩვენებელს, რომელიც მიღწეულ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარული სხდომის შემდგომ ბრიფინგზე.

ლევან დავითაშვილმა მე-11 მოწვევის საპარლამენტო გუნდს დღეს მთავრობისთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის ეკონომიკური განვითარების  მომავალი ოთხი წლის ხედვა და ძალიან დეტალური სამოქმედო რუკა, გეგმა, რომელიც  2028 წლისთვის ქვეყნის რეალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს. ამასთან, მისი შეფასებით, ასეთი დეტალური და მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა  დიდი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია, რომელიც მოიცავს რეფორმებს ეკონომიკის არაერთი მიმართულებით.   

„ეს არის ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, რომელიც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო ამაღლებას, უკავშირდება კაპიტალის ბაზრის რეფორმას სხვადასხვა მიმართულებებით, სტრუქტურის თვისობრივ გაუმჯობესებას. მეორე  - ეს არის მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ასევე ხელს უწყობს ზოგადად ამა თუ იმ დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას, რაც საბოლოოდ საშუალებას მოგვცემს, რომ მივაღწიოთ ამ სამიზნე მაჩვენებლებს.  ეს სამიზნე მაჩვენებლები იმის საფუძველი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, შეიცვალოს ადამიანების ყოველდღიური ყოფა, მათ შორის განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უკავშირდება, ჯანდაცვას, თავდაცვას, სოციალურ უზრუნველყოფას, განათლებას. ამიტომ ეკონომიკური ნაწილი მნიშვნელოვანია, სამთავრობო პროგრამაში მას დიდი ნაწილი უჭირავს და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობაც აქვს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგრესი ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო წელს დაკავშირებულია მიმდინარე ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან. მისი განმარტებით, იგივე გეოგრაფიულ არეალში ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკა, რომელთაც უფრო ლიბერალური ურთიერთობა აქვს რუსეთთან, არ იზრდება ისეთივე მაღალი ტემპით, როგორც საქართველოს ეკონომიკა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ბევრი შემზღუდავი ფაქტორის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდია არამხოლოდ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიმართებაში.

"ჩვენი ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება მომავალ წლებშიც, ამას ადასტურებს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებიც, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი - რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე დსთ-ს წევრი ქვეყნების. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს იყოს 1-2%-იანი ეფექტი, რომელიც შუა დერეფნის როლს და მნიშვნელობას და შესაბამისად, ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში აქტივობებს ზრდის და ჩვენი ეკონომიკისთვის პოზიტიური ფაქტორია, მაგრამ დიდწილად საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომლებიც ჩვენ წლების წინ გავატარეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები