24 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"სამართალდამცველი ორგანოები არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, ამავე დროს, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს" - სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველი ორგანოები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

"მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი.

სამართალდამცველი ორგანოები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და არ უნდა შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.

ნებისმიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა იარსებებს ამის აუცილებლობა, პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.

სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება.

მნიშვნელოვანია, შეკრებების დროს ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება. ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.

სახალხო დამცველის რწმუნებულები უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ აქციების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", – აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები