24 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ქალმა, რომელიც კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს, სასამართლო დავა მოიგო

ქალმა, რომელიც კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაში სდებდა ბრალს, სასამართლო მოიგო - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სასამართლომ ქალის სამოქალაქო სარჩელი, რომელშიც ნიკიტა ჰენდი კონორ მაკგრეგორს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, დააკმაყოფილა და სპორტსმენს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიელი სპორტსმენი ნიკიტა ჰენდს თავს 2018 წელს, დუბლინში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დაესხა.

კონორ მაკგრეგორს დაზარალებული ქალისთვის 248 000 ევროს (206 000 ფუნტი სტერლინგი) ოდენობის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

 

 

პარასკევს, სასამართლოში გამოსვლისას, ნიკიტა ჰენდმა განაცხადა, რომ "მისი ისტორია არის იმაზე, რომ როგორც არ უნდა გეშინოდეს, შენ ყოველთვის გაქვს სიტყვის უფლება".

პარასკევს საღამოს, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და მადლობა გადაუხადა "ყველას, ვინც მას მსოფლიო მასშტაბით მხარს უჭერდა".

"ახლა მე ჩემს ოჯახთან ვარ და ორიენტირებული ვარ ჩემს მომავალზე",  - განაცხადა მაკგრეგორმა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ნიკიტა ჰენდი, სხვა მამაკაცსაც ადანაშაულებდა გაუპატიურებაში - 35 წლის ჯეიმს ლოურენსს. ქალი ამტკიცებდა, რომ მამაკაცი მას თავს დაესხა და ქალი სასტუმრო Beacon-ში გააუპატიურა. აღნიშნულ საქმეზე, ნაფმა მსაჯულებმა ქალის სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

 

 

ნიკიტა ჰენდმა განაცხადა, რომ მიღებული მხარდაჭერით გაოგნებულია. მან ასევე აღნიშნა: "მე მსურს, ჩემს ქალიშვილს, ასევე სხვა გოგოებსა და ბიჭებს ვაჩვენო, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავის დაცვა, თუ რაიმე შეგემთხვევათ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის ადამიანი, რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს".

ორივე მამაკაცი 35 წლის სტილისტის ბრალდებებს უარყოფდნენ და ამტკიცებს, რომ ნიკიტა ჰენდთან, სასტუმროში, სექსუალური კავშირით მისი თანხმობით დაკავდა.

ცოტა ხნით ადრე, ნაფიც მსაჯულებმა გაარკვიეს, რომ თავდასხმის დღეს (6 წლის წინ), დაზარალებული ნიკიტა ჰენდი და მისი კოლეგა დანიელ კილი, სამსახურში გამართული საშობაო ღონისძიების შემდეგ წავიდნენ სასტუმროს პენტჰაუსში მაკგრეგორთან და ლოურენსთან ერთად. მათ მისცეს ჩვენება, თუ როგორ ერთობოდნენ 8 დეკემბრის ღამიდან 9 დეკემბრის დილამდე, იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელსა და კოკაინს.

ნიკიტა ჰენდმა სასამართლოს მიმდინარეობისას განაცხადა, რომ მაკგრეგორის თავდასხმის შემდეგ მის სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და ჩალურჯებები აღინიშნებოდა, ხელებზე, მკლავებზე და ასევე კისერზე. სპორტსმენი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფდა.

მომხდარიდან მეორე დღეს, ნიკიტა ჰენდი, სასწრაფო დახმარების ავტომობილით, დუბლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო ექსპერტმა, რომელმაც ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, სასამართლოს განუცხადა, რომ "მსგავსი ჩალურჯებებით ადამიანი" დიდი ხანია არ უნახავს.

 

 

საქმის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ შემთხვევის შემდეგ, დაზარალებული იძულებული იყო, სამსახურიდან წამოსულიყო, ვინაიდან, ჯანმრთელობისთვის მიღებული ფსიქოლოგიური ზიანის გამო, მუშაობა ვერ შეეძლო; რომ პარტნიორთან მისი ურთიერთობა შემთხვევიდან რამდენიმე თვეში დასრულდა; და ასევე, სამსახურის უქონლობის გამო, მან ვერ შეძლო იპოთეკის გადასახადების გადახდა და იძულებული იყო, საკუთარი სახლიდან გადასულიყო. ქალმა ასევე განაცხადა, რომ, ფინანსური სახსრების უქონლობის გამო, იძულებული იყო, ფსიქოლოგის სეანსებზე სიარული შეეწყვიტა.

დღის ამბები